წესები და პირობები
1. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1.ბანკი – სს სილქ ბანკი;
1.2.ბაზრის მონაწილე– სს სილქ ბანკი;
1.3.სავალუტო ბაზარი– სისტემებისა და წესების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით სავალუტო ბაზრის მონაწილეები რეგულარულად დებენ სავალუტო გარიგებებს;
1.4.სავალუტო ბაზარზე მონაწილეობა– სავალუტო ბაზარზე მონაწილეობად მიიჩნევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიების და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთმანეთთან ან კლიენტებთან სავალუტო გარიგების რეგულარული განხორციელება;
1.5.სავალუტო გარიგება– სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ, კლიენტთან ან/და სავალუტო ბაზრის სხვა მონაწილესთან ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებით დადებული ნებისმიერი გარიგება;
1.6.წინსწრებით ვაჭრობა– წინსწრებით ვაჭრობა არის ისეთი ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა, სადაც სავალუტო ბაზრის მონაწილე, რომელსაც აქვს წინასწარი ინფორმაცია მისი კლიენტის დავალების შესახებ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ (მესამე პირის მეშვეობით),წინასწარ, კლიენტის დავალების აღსრულებამდე დებს გარიგებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით;
1.7.წინარე ჰეჯირება– სავალუტო პოზიციის გახსნა ან სხვაგვარი ისეთი ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება კლიენტის მოსალოდნელ დავალებას და რომელიც მიზნად არ ისახავს კლიენტისთვის მდგომარეობის გაუარესებას და არ იწვევს სავალუტო ბაზრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას;
1.8.პრინციპალი მოვაჭრე– სავალუტო ბაზრის მონაწილე, რომელიც კლიენტთან სავალუტო გარიგებას დებს საკუთარი სახელით და საკუთარი რისკით;
1.9.კლიენტის დავალება– სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ, სავალუტო გარიგებასთან დაკავშირებით კლიენტისგან მიღებული დავალება;
1.10.კონტრაჰენტი– სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ დადებული სავალუტო გარიგების მეორე მხარე.
2. ზოგადი დებულება
2.1.წინამდებარე დოკუმენტი მიზანია დეტალურად აღწეროს სავალუტო ბაზარზე კლიენტსა და ბანკს შორის ვაჭრობის ძირითადი ასპექტები.
2.2.ეფექტური, სამართლიანი, ღია და სათანადო გამჭვირვალე ბაზრის განვითარების მიზნით, კლიენტთან ურთიერთობაში ბანკი ხელმძღვანელობს სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ზოგადი წესებით, მოქმედი კანონმდებლობითა და FX გლობალური კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
2.3.ეს დოკუმენტი ადგენს ბაზრის მონაწილესა და კლიენტს შორის ურთიერთობის ზოგად სტანდარტებს და გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, საბანკო მომსახურების განხორციელებისას კლიენტთან გაფორმებულ სხვა შეთანხმებებთან წინააღმდეგობაში მოსვლის შემთხვევაში იგი მიიჩნევა უპირატესი ძალის მქონედ.
2.4.სავალუტო გარიგების დადების დროს, ბაზრის მონაწილე არ მოქმედებს როგორც კლიენტის ნდობით აღჭურვილი პირი ან მრჩეველი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი სახის ურთიერთობა წინასწარ არის შეთანხმებული წერილობით მხარეებს შორის. ნებისმიერი დადებული გარიგება აღსრულდება იმ დაშვებით, რომ კლიენტს შეუძლია იმოქმედოს დამოუკიდებლად, მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ცოდნის, გამოცდილების და ნებისმიერ მესამე პირთა პროფესიული რჩევების საფუძველზე, რომელიც დაეფუძნება, მათ შორის, ფინანსურ, იურიდიულ, საბუღალტრო თუ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ ასპექტებს.
2.5.წინამდებარე დოკუმენტის პირობებით არ რეგულირდება ბანკის მიერ წინასწარ შეთავაზებული (გამოქვეყნებული) გაცვლითი კურსით დადებული გარიგებები, რომლის აღსრულებაც ხდება დაუყოვნებლივ და რომელზეც ბანკსა და კლიენტს შორის არ მიმდინარეობს გარიგების ფასთან დაკავშირებით დამატებითი მოლაპარაკებები. ასეთი ტიპის გარიგებები რეგულირდება კლიენტთან გაფორმებული საბანკო მომსახურების პირობების შესაბამისად.
3. კომუნიკაცია მხარეთა შორის და ძირითადი პირობები
3.1.ბაზრის მონაწილესა და კლიენტს შორის კომუნიკაცია ხორციელდება როგორც ელექტრონულად (ელექტრონული ფოსთით, ან ინტერნეტ ბანკით), ასევე სიტყვიერად (ტელეფონით) ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა საშუალებით.
3.2.კლიენტი უფლებამოსილია გარიგება დადოს როგორც კონტრაჰენტმა, მოითხოვოს ფასები და შეათანხმოს სასურველი პირობები, რა შემთხვევაშიც ბაზრის მონაწილე წარმოადგენს „პრინციპალ მოვაჭრეს” და კლიენტთან გარიგებას დებს საკუთარი სახელითა და რისკით;
3.3.ბაზრის მონაწილე კლიენტთან კომუნიკაციას აწარმოებს ზუსტად, ნათლად, და გარკვევით და ხმარობს ყველა ღონეს, რათა განზრახ შეცდომაში არ შეიყვანოს კლიენტი. ამ მიზნით, ბაზრის მონაწილე უფლებამოსილია, კლიენტს მიაწოდოს გონივრული ინფორმაცია სავალუტო ბაზრის შესახებ, ბაზრის ზოგადი ტენდენციების, წინასწარი კვლევებისა და ძირითადი ასპექტების გათვალისწინებით, ასევე ინფორმაცია წინარე ჰეჯირებისა და მასთან ასოცირებული რისკების თაობაზე. აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ბანკი იმოქმედებს კონფიდენციალურობის სრული დაცვით, რაც არ იძლევა კონკრეტული სუბიექტის ან/და კონკრეტული გარიგების იდენტიფიცირების საშუალებას.
3.4.ბანკი აცხადებს, რომ წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში კლიენტთან მომსახურების გაწევისას, მას გააჩნია ინფორმაციის დაცვის შესაბამისი მექანიზმები, რომელიც იცავს კლიენტის კონფიდენციალურ ინფორმაციას ნებისმიერი უნებართვო წვდომისაგან როგორც მესამე პირების, ასევე ნებისმიერი სხვა არაუფლებამოსილი პირისაგან.
3.5.ბანკი აცხადებს, რომ არ განახორციელებს სავალუტო ბაზარზე შეზღუდულ და აკრძალულ ქმედებებს, როგორებიცაა წინსწრებით ვაჭრობა, სავალუტო ბაზრის მანიპულაცია, ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სავალუტო ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას. ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიწოდებისას ბანკი არ გაამჟღავნებს სხვა პირების არასაჯარო კონკრეტული და მოსალოდნელი გარიგების დეტალებს.
4. ბაზრის მონაწილე, როგორც “პრინციპალი მოვაჭრე”
4.1.კლიენტი უფლებამოსილია, მოითხოვოს ბანკისგან ფასები და შეათანხმოს სასურველი პირობები წინასწარ შეთანხმებული წესის მიხედვით. ბანკი არ არის ვალდებული, მიიღოს კლინტის მოთხოვნა და იმოქმედოს მის საფუძველზე, ან დადოს გარიგება, გარდა კანონმდებლობითა და კლიენტთან არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
4.2.ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სიტყვიერად (ტელეფონით), ისე ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის, ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. ბანკი ვალდებულია, დაიცვას კლიენტთან შეთანხმებული პირობები, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ვაჭრობის ზოგად წესებს, წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ პირობებსა და ელექტრონული პლატფორმის ფუნქციონირებას.
5. გარიგების აღსრულება
5.1.ბაზრის მონაწილე, კლიენტთან დავალების დადებისას, მოქმედებს სამართლიანად, გამჭვირვალედ, რაც მათ შორის მოიცავს სავალუტო გარიგების დადების დროულ/სწრაფ უზრუნველყოფას, დადასტურებასა და ანგარიშსწორებას, კლიენტის კონკრეტული დავალების სპეციფიკის გათვალისწინებითა და წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
5.2.მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, შეთანხმებული ანგარიშსწორების დღეს.
6. ფასდადების პოლიტიკა, სამართლიანი ფასები
6.1.ბაზრის მონაწილე ადასტურებს, რომ ფასდადება არის სამართლიანი და გონივრული, შეესაბამება გასაწევი მომსახურების ეკონომიკურ ხარჯებსა და სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ აღებულ რისკებს.
6.2.ბაზრის მონაწილე უფლებამოსილია, ფასდადებისას გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, რომელიც მათ შორის, მოიცავს: გარიგების ზომას ან / და სირთულე, ლიკვიდობას, საკრედიტო ხარჯებს, ბალანსის უწყისს და კაპიტალს, რისკის ლიმიტს, ვაჭრობის საპროცესო ხარჯებს, გაყიდვების მცდელობებს, შესაბამისად, ბაზრის მონაწილემ შეიძლება შესთავაზოს კლიენტს განსხვავებული ფასები იმავე ან მსგავსი FX სპოტ და FX ფორვარდული გარიგებების დროს. მულტისავალუტო ანგარიშზე ნაშთის შემოწმების დროს ყველა ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის დაჯამება ხდება პრიორიტეტულ ვალუტაში.
6.3.კლიენტისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა წესრიგდება ბაზრის მონაწილის მიერ წინასწარ შეთავაზებული ტარიფებითა და კლიენტთან დადებული ორმხრივი შეთანხმების მიხედვით.
6.4.ბაზრის მონაწილე ვალდებულია, არ დაუწესოს კლიენტს სამართლიანზე მეტი საკომისიო ან მომსახურების ანაზღაურება, ამასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გათვალისწინებით.
6.5.ბაზრის მონაწილე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები (დამატებები) მომსახურების ტარიფებში. აღნიშნულის შესახებ ბანკი კლიენტის ინფორმირებას ახდენს წინასწარ.კლიენტისთვის გადასაცემი ბარათების რაოდენობა შესაძლოა შეიზღუდოს ბანკის AML-ის ანდა საოპერაციო რისკების რეკომენდაციის საფუძველზე;
7. საერთო დებულებები
7.1.წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი დებულებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ბაზრის მონაწილე იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ამ ხელშეკრულების პირობები, რათა მოხდეს საბაზრო პირობებსა და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებების ასახვა.
7.2.მხარეთა შორის წარმოქმნილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
7.3.წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი პირობების დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში კლიენტი უფლებამოსილია, მიმართოს ბაზრის მონაწილის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ბანკის სერვისცენტრებში წერილობითი განცხადების დაფიქსირებით ან სატელეფონო ნომრის მეშვეობით: +995 322 242 242, ან მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
7.4.მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
კლიენტი თანახმაა, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში მნიშვნელოვან საკითებზე შეთანხმების დროს, ბაზრის მონაწილე დაეყრდნოს მხარეებს შორის სატელეფონო შეტყობინებებს. სადავო საკითხების წარმოშობის შემთხვევაში, კლიენტის მიერ ბაზრის მონაწილისათვის ზეპირი დავალებების არსებობისას, ასეთი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ არც-ერთი მათგანი არ არის წინააღმდეგი და არ შეუშლის ხელს ასეთი ჩანაწერების გამოყენებას სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში და რომ დავების დარეგულირების დროს ასეთი ჩანაწერები გამოყენებული იქნება, როგორც მათი პოზიციების ობიექტური მტკიცებულება. მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა გაკეთდეს ჩანაწერის ნამდვილობის ექსპერტიზა